“ლილე” – თქვა რაულ ტაკიძემ და დარბაზში ჟრიამულის ხმა გაისმა – ოლიმპიადა “ოცდაოთხი” დასრულდა



“ლილე” – თქვა რაულ ტაკიძემ და დარბაზში ჟრიამულის ხმა გაისმა. ბობოყვათის საჯარო სკოლის გუნდმა მეორედ მოიგო თეონა ტაკიძის სახელობის ინტელექტუალური ოლიმპიადა. თეონას მამის მიერ გამოცხადებული გამარჯვებულის ვინაობა ისეთივე სტიმულია მამისთვის, როგორც სხვა აქტივობები, რომელიც მის 15 წლის გარდაცვლილ შვილს ეძღვნება.
ოლიმპიადის ორგანიზატორმა დედას სთხოვა, მონაწილე გუნდებს რამდენიმე წინადადებით გასაუბრებოდა, თუმცა 2 საათიანი ფინალური თამაშის შემდეგ ემოციებით დაღლილმა მგლოვიარე დედამ ვერ შეძლო კიდევ ერთხელ მოეკრიბა ძალა.
1 თვიანი თამაშები ფინალური ტურით თეონა ტაკიძის გარდაცვალებიდან 9 თვის თავზე, სიმბოლურად 7 ივნისს (ძველი კალენდრით 24 მაისს) გაიმართა. ფინალურ ტურზე 6 გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს და საბოლოოდ საუკეთესო სამეული 24 შეკითხვის შემდეგ გამოვლინდა.
ამჯერადაც პირველობა ბობოყვათის საჯარო სკოლის გუნდმა “ლილემ” არავის დაუთმო და პირველი ადგილი კიდევ ერთხელ აიღო. მეორე ადგილი კვირიკეს საჯარო სკოლის გუნდმა “სნიჩიმ” დაიკავა, ხოლო მესამე ადგილს Legva.ge-ს გუნდი დასჯერდა.
ოლიმპიადაში ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემავალი საჯარო სკოლების გუნდებთან ერთად ლეღვას N1 საჯარო სკოლის გუნდი “დროც” ასპარეზობდა. გუნდის წევრები თეონას თანაკლასელებით იყო დაკომპლექტებული. გუნდი თითოეულ ეტაპზე ღირსეულად იცავდა გარდაცვლილი თანაკლასელის სახელს. “დრომ” დროს გაუძლო, რაც საბოლოოდ 20 მეტოქის დამარცხებით დასრულდა.
გამარჯვებულ გუნდს სიურპრიზი ქობულეთის საზოგადოებრივმა კოლეჯმა “ახალმა ტალღამ” გაუკეთა. ბობოყვათის საჯარო სკოლის გუნდი 1 დღიანი ექვსკურსიით დააჯილდოვა. ასევე, გამარჯვებულ სამეულს თეონა ტაკიძის სახელობის ჯილდოები, სიგელები, მედლები და Legva.ge-გან მონაწილე გუნდების კაპიტნებს სპეციალურად ოლიმპიადისთვის დამზადებული ჭიქები გადაეცა.

გუნდების პასუხებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა. ჟიურის წევრები იყვნენ აჭარის ა. რ. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი განათლების საკითხებში ნათია ბოლქვაძედა 73-ე მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის ისტორიის სექციის გამარჯვებული თემის ავტორი ქეთევან კაკალაძე.
ფინალზე მიღებული შედეგები ასე გადანაწილდა:
  1. ბობოყვათის საჯარო სკოლა – “ლილე” – 49,6 ქულა
  2. კვირიკეს N1 საჯარო სკოლა – “სნიჩი” – 46,1 ქულა
  3. Legva.ge – “Legva.ge” – 27,6 ქულა
  4. ლეღვას N1 საჯარო სკოლა – “დრო” – 27,0 ქულა
  5. ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლა – “მე-6 გრძნობა” – 20,4 ქულა
  6. ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი “ახალი ტალღა” – “ახალი ტალღა” – 15,9 ქულა

Комментарии